ჟოზეფ ბორელი ევროკავშირი-რუსეთის ურთიერთობებში ესკალაციას არ გამორიცხავს



ჟოზეფ ბორელი ევროკავშირი-რუსეთის ურთიერთობებში ესკალაციას არ გამორიცხავს

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი ევროკავშირი-რუსეთის ურთიერთობებში ესკალაციას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ბორელმა მას შემდეგ განაცხადა, რაც მოსკოვმა „ავსტრიის ავიახაზებს“ რეისი გააუქმებინა.

„გუშინ იყო ინფორმაცია მოსკოვისკენ ევროპული თვითმფრინავების გაფრენის შეფერხებებთან დაკავშირებით. ეს იყო საჰაერო მიმოსვლის დიდი დარღვევა და ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, იყო ეს კონკრეტული შემთხვევა თუ ეს არის ზოგადი ნაბიჯი რუსეთის ხელისუფლების მხრიდან.

ესკალაციის რისკი ყოველთვის არსებობს. შესაძლოა, მოხდეს ისე, რომ საჰაერო მიმოსვლის კონტროლი სრულად დაირღვეს ან შესაძლოა, ეს არის მხოლოდ რამდენიმე ინდივიდუალური შემთხვევა. ჩვენ ვაკვირდებით ამას“, – განაცხადა ბორელმა ლისაბონში ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყების წინ.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ „ავსტრიის ავიახაზებს“ ბელარუსის საჰაერო სივრცის გვერდის ავლის გამო რეისის განხორციელების უფლება არ მისცა. შეგახსენებთ, ევროკავშირმა ყველა ევროპულ ავიაგადამზიდს მოუწოდა, თავი აარიდონ ბელარუსის ტერიტორიის თავზე ფრენას. ასევე ბელარუსულ ავიაკომპანიებს აუკრძალა ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ფრენა. ამის მიზეზი 23 მაისს ბელარუსის ხელისუფლების მიერ ათენიდან ვილნიუსში მიმავალი „რაინეარის“ რეისის მინსკში იძულებით დასმა და მის ბორტზე მყოფი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის დაკავება გახდა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ