"სემსოტას" პოლიციაშია - გორში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
38 წლის შალვა გულიაშვილი იგივე "სემსოტა" ამ წუთებში გორის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება და სამართალდამცველების შეკითხვებს პასუხობს. შსს-ს ეს ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუდასტურებია. სწორედ გულიაშვილი სახელდება სავარაუდო დამნაშავედ.
მას სამართალდამცველები დღეს მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ. გაჩხრიკეს მისი სახლიც, თუმცა უცნობია რა ამოიღეს.
გულიაშვილის ოჯახი უარყოფს "სემსოტას" შესაძლო კავშირს ამ მკვლელობასთან და ამბობენ, რომ შალვა გულიაშვილი უდანაშაულოა.
არსებული ინფორმაციით, შალვა გულიაშვილმა 2006 წელს პოლიციელის ავტომანქანა გაიტაცა და დააპატიმრეს, შემდეგ კი სასამართლო დარბაზიდან გაქცევა შეძლო და ცხინვალში იმალებოდა. მოგვიანებით, გულიაშვილი სპეცოპერაციის შედეგად გადმოიყვანეს ქართველი სამართალდამცველების კონტროლირებად ტერიტორიაზე და ციხეში 16 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. კრიმინალური ავტორიტეტი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ცოტა ხნის წინ არის გამოსული.
ცნობისთვის, ვერხვების დასახლებაში 42 წლის მამაკაცი ჩაცხრილეს. შემთხვევა გუშინ გვიან საღამოს, ავტომობილების სახელოსნოსთან მოხდა. შემთხვევის ადგილას ნაპოვნია ტყვიის მასრები. ტერიტორიაზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები გვიანობამდე მუშაობდნენ.