ღარიბაშვილი ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას შეხვდა



ღარიბაშვილი ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას შეხვდა. 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობაზე, რომელიც საერთო ღირებულებებსა და პრინციპებს ეფუძნება. ხაზი გაესვა, ორმხრივი ურთიერთობების უაღრესად მაღალ დინამიკას. აღინიშნა, რომ ლიეტუვა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია. 

საუბარი შეეხო ლიეტუვის დელეგაციებთან წარმატებულ და ნაყოფიერ თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. მთავრობის მეთაურმა ლიეტუვის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა  მუდმივი მხარდაჭერისა და საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციების ინიციირებისთვის. 

ასევე, ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ლიეტუვას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას, განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდასა და ხალხთაშორისი ურთიერთობების გააქტიურებას. COVID-19-ით შექმნილ გამოწვევებზე საუბრისას, განსაკუთრებით აღინიშნა ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა. პრემიერ-მინისტრმა ლიეტუვის პრეზიდენტს საქართველოსთვის 15 ათასი დოზა ვაქცინის საჩუქრად გადაცემაზე მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა. 

ხაზი გაესვა ლიეტუვის მკაფიო მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და განხილულ იქნა შემდგომი ერთობლივი საქმიანობისა და კოორდინაციის ძირითადი მიმართულებები.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ